2012 წლის 12-13 მაისის ღამეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განვითარებული წყალმნოვარდნის მოკლე მიმოხილვა
14.05.2012

ამა წლის 12-13 მაისის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნა ინტენსიური ნალექები (თავსხმა წვიმები და სეტყვა), რომელთა რაოდენობამაც 2-3 სთ-ის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეადგინა 30-დან 100 მმ-მდე. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებზე მნიშვნელოვანი წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერების გააქტიურება, ქუჩებში ნიაღვრები. დაზარალდა დუშეთის, გურჯაანის, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით დაზარალდა ქ. თბილისის ზოგიერთი რ-ნი.
ქ. თბილისში, ვაშლიჯვარის მეტეოსადგურის მონაცემებით 22სთ-დან 01სთ-მდე მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 92მმ. დროის მოკლე პერიოდში მოსულმა ინტენსიურმა ნალექებმა ქ. თბილისის გარშემო ჩამომდინარე მშრალ ხევებში გამოიწვია წყალმოვარდნები, ქალაქის ქუჩებში განვითარდა ნიაღვრები, რის შედეგადაც დაინგრა, დაზიანდა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გულუას სახელობის მოედანს და მისი მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე მუხიანის ე.წ. აგარაკების დასახლებას. სრულად დაინგრა 11 საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილებზე, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში მომხდარის შესახებ მომზადდება და გამოქვეყნდება დაწვრილებითი ანგარიში.
სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური
მოვლენების მართვის სამმართველო
ტელ: 243 95 38; 243 95 29
|