5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
07.06.2011

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დასკვნითი საზეიმო მიღება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ მიმართეს და გარემოს დაცვის დღე მიულოცეს. ღონისძიებაზე გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვით საკითხებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ნომინაციაში - „მწვანე კომპანია" „ვუდ სერვისს" და „აიდეკოს" სიგელები გადასცა. „მწვანე გზა - მწვანე ცხოვრების წესისთვის" - ნომინაციაში გამარჯვებულად კი „მსოფლიო მოგზაურად" და „ადამიანი ველოსიპედად" წოდებული ჯუმბერ ლეჟავა გამოცხადდა. ასევე, გარემოს დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობისა და შეტანილი წვლილისთვის სიგელები და პრიზები გადაეცათ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. ღონისძიების დასასრულს კი „მწვანე ჟურნალისტები" გამოვლინდნენ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა სადღესასწაულო ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა. ღონისძიების პარალელურად მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტო-გამოფენა „ბავშვი და გარემო" მოეწყო და საღამოს მუსიკალურად „დავით ილურიძის ბენდი" აფორმებდა. 5 ივნისი გარემოს დაცვის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ, პარტნიორ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა, რომლის თანაორგანიზატორი იყო "რადიო-ქალაქი". საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ჟურნალი „Focus" და გაზეთი „Georgia Today". წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 38-ედ აღინიშნა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2011 წლის მთავარი თემაა - „ბუნება თქვენს სამსახურში". |