საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება
08.05.2014

საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც პირადი სარგებლობისათვის გამოიყენებენ მიწისქვეშა მტკნარ წყალს (ჭა, ჭაბურღილი) არ არის საჭირო ლიცენზიის აღება. მიწისქვეშა წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის აღება სავალდებულოა მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას (საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით - რესტორანი, სამრეცხაო და სხვა ობიექტები).
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა რეგულირდება ,,ლიცენზიების და ნებართვების შესახებ’’, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული რეგულაცია მთავრობის დადგენილებაში აისახა 2007 წლის 19 სექტემბერს.
|