საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

2025 წლის მარტის თვის პროგნოზი

 

მარტის თვის მოკლე კლიმატური დახასიათება

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე მარტში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა თებერვალთან შედარებით საშუალოდ 2-5˚-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +9˚, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +7˚, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე   0, +4˚ და მაღალმთიან ზონაში -5, 0˚ - შეადგენს.

ტემპერატურის მრავალწლიური რეჟიმიდან გამომდინარე, ნორმიდან გადახრები ორივე მიმართულებით ერთნაირად ალბათურია და თვის საშუალო ტემპერატურა, უმეტესად, საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობის 2-3˚-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +12, +14 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +13˚ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +8, +13 და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +8, +11˚-ია, მაღალმთაში კი 0, +4˚-მდე იკლებს.

მარტში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ქართლსა და კახეთში +24, +28˚- აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა თებერვალთან შედარებით 3-5˚-ით მაღალია და +23, +28˚- შეადგენს, ხოლო მაღალმთაში +10, +19˚-ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +3, +6, ქართლ-კახეთში და მთისწინეთში -2, +3, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე -6, -2, მაღალმთიან ზონაში -9, -6˚-ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -13, -7 გრადუსის ფარგლებში იცვლება. ქართლ-კახეთში -21, -13˚ - შეადგენს. საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -21, -16˚ - შეადგენს. მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება -31, -25˚ - მიაღწიოს. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა სამხრეთ საქართველოს მთიანეთი

თებერვალთან შედარებით მარტში ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იმატებს, ხოლო დასავლეთში _ იკლებს. ყველაზე მეტი ნალექიანობით კვლავ აჭარის სანაპირო ზოლი (140-200 მმ), გამოირჩევა. გურია-აჭარის მთებში მისი მნიშვნელობა 90-120 მმ-მდე მცირდება. შედარებით ნაკლებ ნალექიანია აფხაზეთის სანაპირო ზოლი (120-140 მმ), თუმცა სამეგრელო-აფხაზეთის მთებში ნალექიანობა 140-200 მმ-მდე იზრდება. კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის რაოდენობა 100-150 მმ-ის ფარგლებში იცვლება, ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თვეში 60-100 მმ ნალექი მოდის. საქართველოს დანარჩენი ტერიტორია გაცილებით მცირენალექიანია და თებერვალში მოსული ნალექების თვის ჯამი საშუალოდ 20-60 მმ- შეადგენს. აღმოსავლეთში, როგორც ყოველთვის, ყველაზე ნალექიანია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობი (70-80 მმ). 

თებერვალთან შედარებით ნალექიან დღეთა რიცხვი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მარტის განმავლობაში 1-2 დღით იმატებს. ნალექების რეჟიმის შესაბამისად, ნალექიან დღეთა რაოდენობა მაქსიმალურია დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში, დაბლობსა და მიმდებარე მთიან რაიონებში (13-17), ტერიტორიის დანარჩენ მთიან და მაღალმთიან რაიონებში თვის განმავლობაში 10-15 და ქართლ-კახეთში კი 9-13 დღეს შეადგენს.

მარტში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა საშუალოდ 30-60 მმ- შეადგენს. ყველაზე უხვნალექიანი დღეები (70-130 მმ) აღნიშნულია აჭარისა და აფხაზეთის  სანაპირო ზოლსა და მიმდებარე მთისწინეთში, აგრეთვეკოლხეთის დაბლობზესამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მთიან რაიონებში, ხოლო მტკვრის ხეობის გასწვრივ, სამხრეთ საქართველოს მთიანეთის  თითქმის მთელ ტერიტორიაზე და შირაქის ველზე ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 20-30 მმ- შადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში იგი შეიძლება აღწევდეს 300-340 მმ- წვიმიან და 60-70 მმ- გვალვიან წლებში, ქართლსა და კახეთში 150-170 მმ- წვიმიან და 0-10 მმ- გვალვიან წლებში.

 

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +10, +11˚, რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3,  -6˚ -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27˚-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

 

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +10, +12˚, რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8˚-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27˚- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +8, +9˚ (მაღალმთიან რაიონებში  +2, +3˚)  რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -10, -13˚ -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -19, -22˚ -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +23˚ - მდე, (მაღალმთიან რაიონებში  +16, +19˚ -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

 

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +9˚,რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით -9, -12˚ -მდე,  ქვემო ქართლში -6, -9˚ -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +23, +26˚ - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

 

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +8˚, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -5, -8˚ -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +22, +25˚ - მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს. 

 

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +6˚ (მაღალმთიან რაიონებში  0, +2˚ )  რაც 1-2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -12, -15˚ -მდე (მაღალმთიან რაიონებში  -22, -25˚ -მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით   +20, +23˚ - მდე (მაღალმთიან რაიონებში  +14, +17˚ -მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

search form
ღამე

მცირე თოვლი

დასავლეთის ქარი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ

ჩრდილო–დასავლეთის ქარი ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ