ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური თბილისში
05.07.2012

გარემოს დაცვის მინისტრმა და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გახსნეს. ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც ვაშლიჯვრის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, მოხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი: ნახშირჟანგი (CO); აზოტის ჟანგეულები (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგი (SO2); მიწისპირა ოზონი (O3); და მტვრის ფრაქციები.
,,მთავარია ჩვენ არ ვართ ერთ ადგილას გაჩერებულები, ჩვენ ვითარდებით და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს შენაძენი. ჩვენი შესაძლებლობები ძლიერდება და ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დღესაც ეს ამის დადასტურებაა. ჩვენ თბილისში ჰაერის კონტროლს უფრო მაღალ დონეზე შევძლებთ დღეიდან ვიდრე ამას ვაკეთებდით თუნდაც გუშინ"" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით იგეგმება მსგავსი მოდელირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
,,მე ვარ თბილისის მოქალაქე და ვცხოვრობ საქართველოში, მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომ გავზომოთ დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ტრანსპორტითა და სხვა ფაქტორებით თბილისში. ჩვენ ვიყენებთ ზუსტად იგივე სისტემას დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საპორტო ქალაქ როტერდამის პორტში, სადაც დიდი მრეწველობაა და იქ ამ სისტემამ ძალიან გაამართლა, რადგან აჩვენა საიდან ხდება ძირითადად ჰაერის დაბინძურება და რისი გაკეთება შეგვიძლია დაბინძურების გავლენის შესამცირებლად"" - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა პიტერ ლანდერბერგმა.
ამჟამად სადგურის მუშაობა ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ სამ თვეს გასტანს. სადგურის მუშა რეჟიმში გადასვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის რეალური შეფასება. |