საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

საქართველოს ტერიტორიის ჰიდროლოგიური დახასიათება

საქართველო მტკნარი წყლის რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. აქ 26 000-ზე მეტი მდინარე, 800-ზე მეტი ტბა, 40 - ზე მეტი წყალსაცავი, 700-მდე მყინვარი, უამრავი სხვადასხვა ტიპის წყარო და ჭაობია აღრიცხული. მდინარეების უმეტესობა მცირე და ძალიან მცირე მდინარეებია, რომელთა სიგრძეც 100 კმ-ს არ აღემატება. გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მდინარე: ბარის, მთის, მყინვარული, კარსტული, ჭაობის, შრობადი და სხვ. ქვეყნის მდინარეული ჩამონადენის მრავალწლიური მოცულობა - 66.8 კმ3, რომლის 75 % ფორმირდება დასავლეთ საქართველოში, ხოლო დანარჩენი - აღმოსავლეთში. მდინარეთა ჩამონადენის 9 % სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ტრანზიტული ჩამონადენის უმეტესი წილი მდ. ჭოროხზეა (7.2 კმ3), რომლის წყალშემკრები აუზის ძირითადი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა. მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარეული ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით; მიწისქვეშა წყლებით, რომლებიც არ მონაწილეობენ მდინარეული ჩამონადენის ფორმირებაში და უშუალოდ ჩაედინებიან შავ ზღვაში; მყინვარების, ტბების, ჭაობებისა და წყალსაცავებში აკუმულირებული წყლებით, რომლებიც ნაწილობრივ მონაწილეობენ მდინარეული ჩამონადენის ფორმირებაში. მტკნარი წყლის ეს რესურსები წარმოადგენენ განახლებადს. მყინვარებში არსებული წყლის მოცულობის 90 % არის საუკუნოვანი მარაგი. საქართველო, წყლის ფენის საშუალო სიმაღლის (760 მმ) მიხედვით, ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ნორვეგიას (1190 მმ), შვეიცარიას (1040 მმ) და ავსტრიას (800 მმ) ჩამორჩება. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს მეზობელ, სამხრეთით მდებარე ქვეყნებში - თურქეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში შეადგენს 215, 280 და 110 მმ-ს შესაბამისად. საქართველოს მოსახლეობის წყალუზრუნველყოფა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით 4-6-ჯერ მეტია. საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული ჩამონადენი სხვადასხვა დროს შეფასებულია სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის (53.60 კმ3, 1967 წ.), ა/კავკასიის ჰიდრომეტეორილოგიის ინსტიტუტის (52.77 კმ3, 1983 წ.) და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის (57.46 კმ3, 1991 წ.) მიერ. მკაფიოდ არის გამოხატული ჩამონადენის ელემენტების სიმაღლითი ზონალობა. უხვწყლიანობით გამოირჩევა კავკასიონის დასავლეთი ნაწილის თხემისპირა ზონა და აჭარის მთების ზღვისკენ მიმართული კალთები. აქ საშუალო წლიური ჩამონადენი 3500 მმ-ს აღწევს, რაც კავკასიისათვის მაქსიმალური სიდიდეა. ამის პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოში გვქვს საკმაოდ ვრცელი უჩამონადენო ტერიტორიები. მიუხედავად წყლის რესურსების სიმდიდრისა, ქვეყნის რიგ რეგიონებში მათ მოცულობასა და წყალმოხმარებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსია. აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ძირითადი წყალმომხმარებელია (ირიგაცია), ტერიტორიისა და მოსახლეობის წყალუზრუნველყოფა ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. წყალმცირე პერიოდებში, ზოგიერთ აუზებში ჩამონადენი ხშირად, ეკოლოგიურ ნორმაზე დაბალია.
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ