საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

ვახუშტი ბატონიშვილი

#
ცნობილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი იყო. ფრანგი მოგზაურის შარლ პეესონელის ცნობით მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაყვა რუსეთში, იქვე 1745 წელს დაამთავრა თავისი თხზულება “აღწერა სამეფოსი საქართველოსი”, რომელშიც მოცემულია საქართველოს უწყვეტი ისტორია უძველესი დროიდან (დასაბამიდან) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.
თხზულების მეორე ნაწილი ძირითადად ორიგინალურია. მისი კვლევის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საქართველოს გეოგრაფია. ნაშრომში განხილულია ქვეყნის 5 პოლიტიკურ_ეთნიკური ერთეულის (ქართლი, კახეთი, სამცხე_საათაბაგო, დასავლეთ საქართველო და კავკასიონის მაღალმთიანეთის ჩრდილოეთი კალთები) ბუნებისა და მოსახლეობის თავისებურებები. ნაშრომში დეტალურად არის გადმოცემული საქართველოს კლიმატური, ნიადაგურ_რელიეფური, ჰიდროლოგიური და სხვა ბუნებრივი პირობები. მას სამართლიანად მიიჩნევენ პირველ ქართველ კლიმატოლოგად. თუმცა ჯეროვნად არ არის შეფასებული მისი როლი საქართველოს ჰიდროლოგიის (მდინარეები, ტბები) შესწავლაში. აღნიშნული თეზის დასასაბუთებლად ქვემოთ მოცემულია ვახუშტის მიერ საქართველოს ჰიდრო-ლოგიური ობიექტების (მდინარე, ტბა) და მისი რეგიონების კლიმატური პირობების აღწერა. 
1. “არს ყოველთა აქაურთა მდინარეებთა მტკვარი უდიდესი, რომელი განვლის საშუალ ქვეყანასა ამას, პირველად ვახსენოთ მდინარე იგი, რომელი გამოსდის კოლას ყალნუ_მთას, გამოვლის სამცხეს, ქართლს, ჰერეთს, რანს შორის, განვლის მოვაკანს, მიერთვის რახს, ჯავათს და სალიანს ქვევით ერთვის კასპიის ზღვას. ხოლო ქართლსა შინა არს განით ო და პ (საშუალოდ 25-35 მ) ადგილსა უმეტესიცა, და სიღრმით ადგილ_ადგილ განისვლების ფონად, სადაც უმეტეს განვრცელდების, მუნ დის ჩქარადცა, და სადა დამდორდების, არს ფრიად ღრმა. გარნა კიდეთა მტკვრისათა ამიერ და იმიერ კლდენი ქარაფოვანნი, უმეტეს ადგილთა ჭალიანი, ჩალიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ზის მას შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსა იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნევსკავით, საფიჩხვლითა და ოჩხითა. ჟამად იპყრობისცა ზუთხი, რამეთუ განჯას ქვემოთ არს ამ მდინარეს შინა ურიცხვი და აქა სიჩქარისაგან მდინარისა ვერ აღმოვალს. და ხეობა შინა მტკვრისასა უმეტეს ჩქარი არს, ვიდრე დვირამდე, და დვირს ზეით ეგრეთვე, ვითარცა ქართლსა შინა. ამ მტკვარს ერთვიან ყოველნი მდინარენი კოლისა, არტაანისა, ჯავახეთისა, ქართლისა, კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, მოვაკანისა და არაზიცა. არამედ არს მტკვარი სასმელად გემრიანი და შემრგო, უმეტეს ქართლსა და სამცხესა შინა.”
2. ხოლო ამ თრიალეთსა საშუალსა დის მდინარე ქცია, წოდებული ანუ დაბის გამო ანუ ვინათგან აქცევს ხიდთა, რავდენიცა ქვიტკირისა იყოს, მის გამო ეწოდა.Eესე გამოსდის შავრაშეთის მთას, გამოვლის ნარიანს, თრიალეთს, ქციის ხრამსა და მიერთვის ხუნანს მტკვარსა, და მარას დის აღმოსავლეთად და თრი-ლეთსა მდორედ. ხოლო ეძამს დახრამდების. Dდა არს იმიერ და ამიერ კლდე ქარაფი და მაღალი, მხარი რ (40 მ-ის გარგლებში), სიგანით პ,რ მხარი (30-40 მ) და მეტიცა. 
3. გორიდამ ლიახვის მდინარის სიგრძე არს მაღრან_დვალეთამდე და დის მაღრან_დვალეთიდან, აღმოსავლეთიდამ დასავლეთამდე. მუგუთიდან დის სამხრით გორამდე და გორს მცირეთ ქვემოთ მიერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდამ. არამედ არს მდინარე ლიახვი სარგებლიანი, მრწყველი ველთა იმიერ და ამიერ ლიახვისათა, ჩქარად მომდინარე და რიყიანი, და ხმოვანი, სასმელად შემრგო და გემოიანი, მარადის ცივი. გარნა ვერ განჰყინავს ზამთარს სიჩქარისთვის. თევზნი მრავალნი. რომელნი ველნი ირწყვიან ლიახვითა, პური მისი არს ყოველთა ქართლისათა უმჯობესი და გემოიანი და სპეტაკი.
4. ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზემოთ, მიერთვის წყალწითელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითელი მიწისგან, რამეთუ მას ზედა დინებათა წითლდების.
5. მდინარისა ამის სახელ არს პირველ მდინარე თაკვერისა, ხოლო ოდეს მოაშთო ცხენნი ანაკოფიიდან უკუქცეულის ყრუს სპათა, ამისთვის უწოდეს ცხენისწყალი.
6. ამათთა დასავლით დის მდინარე აბაშა, პირველ სხვა სახელით წოდებული. შემდგომად, მოიქცა რა ანაკოფიიდან მურვან ყრუ, იქ დაბანაკებულთა მოაშთო ამან აბაში, და მიერითგან იწოდა აბაშა.
7. არს აქა ტბა ბაზალეთისა, დუშეთის წინარე მდებარე, და არს ურგები და უთევზო და წურბელი მრავალნი.
8. ხოლო ტბა ფარავანისა არს დიდი და თევზით სავსე, არამედ არა გემოიანი, რამეთუ ზაფხულს დგების მისსა მრავალი არვენი, ჯოგნი მროწელნი, ხვასტაგნი ქართლისა და კახეთისანი, და ნეხვი მისი გამდნარისაგან თოვლისა შესდის ტბას მას, და იტყვიან მის გამო უგემურობას.
9. ჯავახეთის_მტკვრის სამხრით, მაღალთა მინდორსა ზედა, მთის ძირად, არს ტბა კარწახისა, დიდი და აღვსილი თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა.
ზემოთ აღნიშნული ჰიდროლოგიური ობიექტების ვახუშტისეულ აღწერას თუ შევავსებთ მათი წყლიანობისა და წყალშემკრები აუზის შესახებ რაოდენობრივი მახასიათებლით, მივიღებთ საქართველოს მდინარეების და ტბების თანამედროვე დახასიათებას.
ასევე ეხმაურება საქართველოს კლიმატის თანამედროვე აღწერას საქართველოს ცალკეული რეგიონების ჰავის მახასიათებლების ვახუშტისეულ დახასიათებას. ასე მაგალითად:
1.   თბილისის კლიმატი _ “ზაფხულს ცხელი და არა გაუაძლისი, ზამთარ ცივი, გაზაფხულ_შემოდგომა მშვენი და სატრფო”;
2. შიდა ქართლის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი _ “გაზაფხულ- შემოდგომას ჭყაპიან_ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულს ცხელი, არამედ ჰავით კეთილი”. საინტერესო დეტალი: “დასავლეთ კიდესა არს დირბს მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველს საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმს”. ამრიგად, დანაწევრებულ საქართველოს ჯერ კიდევ 1740 წელს ჰქონდა საშუალება შეენახა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში. შეიძლება  ვივარაუდოთ, რომ ქართველების მიერ ჯვრის მონასტრის შენახვა შეწყდა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ.
3. საინტერესოდ არის დახასიათებული საგარეჯოს სამხრეთით მდებარე ველის კლიმატი: “საგარეჯოს ქვეით, უტყეო, მცირეთგან კიდე, ჩალიან_ბალახიანი, ლერწმოვანი, თვინიერ იორის მდინარისა, და მცირე წყარონი. ხოლო ჰავითა არიან მშვენნი,  ზამთარ თბილი, ზაფხულ ცხელი და არა ეგდენ, მცირე თოვლიანი, უყინულო, უყივნო, ვინათგან ვეროდეს განჰყინავს მდინარეთა, და არ დაადგრების თოვლის დღე სამ, და უქარო, არამედ ალაზნისა და იორის კიდენი და მისი ქვემოთნი ფრიად ხაშმიანნი, ცხელნი და გაუძლისნი”. როგორც ვხედავთ საგარეჯოს სამხრეთი რაიონი (ივრის ზეგანი, შირაქი) კლიმატი დიდად არ განსხვავდება იაკობ ცურტაველის მიერ დახასიათებულ ამ რაიონის კლიმატისაგან.
4. ელისენი (თანამედროვე საინგილო) კლიმატი_ჰავითა ცხელი, ხაშმიანი ზაფხულს, არამედ მთის კერძნი კეთილ_აგარაკოვანნი და მშვენნი. ხოლო ზამთარს კეთილჰაოვანნი, თბილი, უთოვლო, უყინვლო.
5. სამცხის კლიმატი (ტაო_კლარჯეთის ჩათვლით) _ ზამთარ ადგილ_ადგილ ცივი და დიდთოვლიანი და ადგილ_ადგილ ფრიად თბილი, ზაფხულს შეზავებული, რამეთუ აქუს მთანი და აგარაკნი ფრიად ახლოს, ხოლო ადგილს ფრიად ცხელი და გაუძლისი, თვინიერ აგარაკთა ჰავით მშვენი და კეთილი, არამედ ზღვის კიდეთა არა ეგეთი.
6. იმერეთის კლიმატი_”ზაფხულს იმყოფის სიცხე, ვინადგან ძნიად იძვრის ქარნი და არა გაუძლისი სიცხე. ზამთარი თბილი, რამეთუ ვერ ოდეს გაჰყინავს მდინარეთა, ვერცა გუბესა. არამედ თოვლი დიდი, რომლისა სიმაღლე ოდესმე მხარი და უმეტესითა”.
7. სამეგრელოს კლიმატი _ “და არს ჰავისა ესე ოდიში მშვენი. ზაფხულს ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი, მთის კერძნი გრილნი, აგარაკოვანნი, კეთილნი, ზამთარ თბილი, არამედ ზაფხულიცა სველი და ნამიანი, და ნოტიო, გარნა უწყინარ _ უვნო, უქარო და უყივნო”.
8. გურიის კლიმატი _ ”ზამთარ არს გაუძლისი და ზაფხულ საამო, მშვენი, კეთილ_ჰავიანი”.
   ვახუშტის აღწერით, საქართველოს XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ჰავა დიდად არ განსხვავდება ქვეყნის თანამედროვე ჰავისაგან. თუმცა კახეთის ჰავის დახასიათებისას ვახუშტი ყურადღებას არ ამახვილებს სეტყვაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ XVIII საუკუნეში სეტყვიანობა კახეთისათვის დამახასიათებელი არ იყო. 
search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 10°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ