meteo.gov.geსსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

english

სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი ამინდის მოვლენებზე

#

 1685-1716 წლებში ცნობილი ქართველი მწერლის, მეცნიერის და პოლიტიკური მოღვაწის სულხან_საბა ორბელიანის მიერ შექმნილი იქნა “ლექსიკონი ქართული”, რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით და უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოძიებით. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ამინდის ელემენტების (თოვლი, სეტყვა, სიცხე, ყინვა, წვიმა) და მდინარეთა განმარტებებისას. ქართველმა ერმა ათასწლეულების განმავლობაში ამინდის თითოეულ ელემენტს იმდენი შესატყვისი მოუნახა, რომ ინსტუმენტული გაზომვების გარეშე მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია განსაზღვროს მისი ინტენსივობა და შეგრძნების ხარისხი.
ქვემოთ კომენტარების გარეშე მოყვანილია ამინდის აღნიშნული ელემენტების განმარტებები:

გრიგალი-“ქარი არს საზარელი, რომელი ღრუბელთა მოიტანს მოტრიალეთა 
      და რასაც ეკვეთებას, იავარყოფს ყოველთა”.

იალკიალი – ცაში აქა-იქ ღრუბელი.

იალტიალი -ალაგ ღრუბელი, ალაგ მოწმედილი. 

თოვლი- თოვლიცა ესრეთა განიყოფებიან: რამეთუ პირველ ზამთარსა რა ღამის სიცივემ ცვარი შეათოოს, უხმობენ თრთვილსა; ხოლო პირველი დათოვას ვიდრე მიწათა გათეთრებამდე უწოდენ ყაპსა; და დათოვა ტერფამდე და მეტი მისი, იგი არს ფიფქი; და უმეტესი თოვლად სახელწოდების; უკეთუ თოვლი წვიმანარევი იყოს ჭყაპს უწოდებენ; და თოვლიან ნისლსა -ბურსა; თუცა ბურისა მიერ ხენი შეიყინენ, იგი არს ჭირხლი; უკეთუ ხეთა ზედა თოვლი დადგა, ეწოდება ხურხლი; ქარიანსა ეწოდების ბუქი; ქარისგან ზოგან ახვეტილსა ჰქვიან ხიაწი, და სადა თოვლი ნაბუქი შეგროვდა, მას ნანქერი; თუცა შემბალი თოვლი შეიყინა, ეწოდება ბზარი; და რა ბზარი მზემა შეალბოს, ეწოდება ლეღმა; მცირისა ფიფქსა ბზარქმნილსა _ არხილი; რა  თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლილო; თუცა სიმრავლე მთამ ვერ იტვირთა და ჩამოიზვლა, იგი არს შვავი.

ნისლი – ხოლო ნისლიცა ესრეთ განოყოფიან: მცირესა და თხელსა ნისლსა ეწოდების ფოშფოში, ხმელსა და მტვრის მსგავსა ნისლსა – ბორიაყი, ხოლო ნოტიოსა ნისლსა – ბორი და ნისლსა მონათოვსა – ბური და ნის-ლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეიკრიბების მთასა ზედა – არმური. 

   
წყარო – უკეთუ მდინარესა მახლობლად, მისგანვე გამოდიან წყარონი, არა უწოდოთ წყაროდ, არამედ ფშად. რა წყარონი შეკრბიან და ჩავლიან, ხევი ეწოდების, და ხევები რა შეერთდებიან, მდინარეთ შეიქმნების; უკეთუ წყარო მაღალთა კლდეთა ჩასდის – დანჩქერი და დაბალთა კლდეთა ჩამ-დენსა – ჩანჩქერი, ხოლო ლოდნართა მჩქერვალსა – გოჩოგანა; სადა ღრმად და მდოვრედ მიდის – ლუბრმა და სადა წყნარად და არა ლუბრმად – მონიო; სადა მჩქრევალო დაწყნარდების და ერთსა ადგილსა დაღრმავდების – მორევი; დანჩქერი ღრმად ჩაიჭრების და აღმოდუღი-ლივით ზე აღმოიჭრების – ზვირთი; სადა მონიო წყალ ჩაიღვლანჭნება – ჭევლი, სადა მდინარეთა გასავალია – ფონი; სადა მდინარენი დას-რულდებიან, წყალთა მათ შესაკრებელსა უწოდენ ზღვასა, სადა ზღვა დავიწროვდება – სრუტსა, სადა გარე შემოევლების, უწოდენ ტბასა, ცუდსა მცირეს ტბათაგანსა – ტბორესა.

სიცივე - სიცივეცა განიყოფებია... სიო არს სიცხესა შინა მცირედი რამე სიგრილე; ხოლო სიგრილე _ საამოვნი, მცირე სიცივის მსგავსი; სუსხი არს სიცივის ნაწილი რამ დამწველი და დამაჭნობელი; ტეხვრა არს ზამთარ თოვლში სიცივე; ნეფხვა არს ზამთარ ხმელი და მოუთმინარი სიცივე; ხოლო ყინული _ ისეთი სიცივე, ლბილნი წყალნი ქვებრ შექმნას და ჭირხლი შეაყინოს.

სიცხე _ სითბო ეწოდება სიცივისა წინააღმდეგსა რასამე მცირესა ნაწილსა. მზვარე _ არს მზემდეგი ადგილი მოთბო; ყუდრო  არს, სადა ქარი ძლიერად ვერა ხვდებოდეს, გინა ხმელთა, გინა ნავთსაყუდელსა მშვიდსა; სიცხე არს გაძლიერებული სიმხურვალე მზისა თუ ცეცხლისა, გინა ჰაერის, გინა სნებითა განსხვავებულისა; ხვატი არს მეტად ძლიერი სიცხე მზისა; პაპანება არს მოუთმინარი სიცხე მზისა; ჭრტიალი არს, რა მზემან კლდენი, გინა ბარნი ადგილნი განახურვოს და თვალი ვერ შემძლებულ  იყოს შედგმად, გინა ილეკრო, გამდნარი ცეცხლისაგან, ელვარობდეს საზარლად; უნჯუფი -აბანო ცხელი და გინა სახლის მისთანა.

ყინული ზოგადი სახელი არს შეყინებულთა; გაძგიფა არს წყალთა მცირედ შეყინება; უკეთუ ესრეთ შეყინება, კაცთა სავალად შეიქმნა, უწოდენ ხორგსა და ხორდსა; თუ ხორგი მოსქდა და შესქელებით ზედ შეაყინა, უწოდენ  შოლარსა; გზანი ანუ ადგილი თოვლთა ნადნობითა მიიყინა, ლიპი არს, ნაწვეთთა შეყინებულთა, განა ზაფხულის წყაროთაგან შეყინებულსა უწოდენ ყინტორსა; მიწათა ქვეშე გაყინულსა და პირმხვალსა უწოდენ ლიქყსა; მიწათა ქვათა ოდენსა შეყინებულსა _ კოპიჭსა.

წვიმა   წვიმათა სახელნიცა განიყოფებიან: ცვარი არს სინოტივოსაკენ ჰაერისა უღრუბლოდ მოსული ღამით და დალეულ ფურცელზედ მდგარი; ნიჟი არს ცვრის უმცირესი ნაწილი და ღვაფი ცვრისა უდიდესი; თქორი არს წვიმა წვლილი და კაცთაგან ძნიად სახილავი; თქეში _ უსხოსი თქორისა, ვითარც აღნაცარი რამე; ფრუტი არს თქეში ნისლოვანი; ჟღმურტლი _ ფრუტისა უდიდესი და უფროსად ნისლოვანნი; დელგმა _ წვიმა დიდი და გვიან მომდარებული; ისხარი _ წვიმა სწრაფი და ადრე მომდარებული; ღლოფი _ წვიმა დიდი და დამაბნელებელი და ღვაროვანი; ქარიშხალი არს ქარნარევი ძლიერი წვიმა; შხაპი არს ანაზდი და ჩქარი წვიმა; ხოლო ხეთა ფურცელნი რა წვიმას იტვირთავს და შემდგომად წვეთას დაიწყებს, ლეშხსა და ჟვავსა უწოდებენ.

search form
ღამე

უმეტესად უნალექოდ 22°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ

დღე

უმეტესად უნალექოდ 36°

სუსტი ქარი სუსტი ქარი მ/წმ